воскресенье, 1 августа 2010 г.

ღირსი მამა დავით გარეჯელი


ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტჳნვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა“.

ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმვსებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.

უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.


გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.

ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი, ასე ერქვა იმ ბარბაროსს, ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.

ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმიდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.

ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმელი გახდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

воскресенье, 25 июля 2010 г.

ვინ არიან სალოსები?



სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი – ქრისტესთვის სულელი, ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, პატივისცემას, დაფასებას ვერ იღებენ და უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს პრეტენზია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ხშირად ადამიანური “ღირსების” დასაცავად ჭეშმარიტ ღირსებას – ღვთის ხატებას შეურაცხვყოფთ. სალოსი კი არაფრად აგდებს ხალხის ქება-დიდებასა თუ ლანძღვა-გინებას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი წმინდად ცხოვრება და უფალთან დაახლოებაა.

შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ამისთვის თავის მოსულელება? პასუხი მარტივია: ისინი ამით უმძიმეს ცოდვას – ამპარტავნებას თრგუნავენ, საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.

ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. მათთან კავშირი მოძღვართან უნდა შევათანხმოთ, რომ არც ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი და არც მათ შევექმნათ დაღუპვის საშუალებად.

“სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავ დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა – სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია: – ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. საინტერესოა ბერის მეზობლის, რაფიელ კობაჩიშვილის მოგონება: “ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით. პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმინდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არს! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში”. იმისათვის, რომ სალოსობის ღვაწლის სიძლიერეზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგალითად მოვიყვანთ ორი ბერის – წმინდა პიმენ სალოსისა და ნატარი ანდრიას ცხოვრებას:

პიმენ სალოსიწმინდა პიმენ სალოსი XIII საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო. ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. საერო და სასულიერო მეცნიერების მცოდნე წმინდა პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ის თავის სულიერ წარმატებას მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმინდანი მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესობას უშიშრად ამხელდა.

მამა პიმენმა მთელი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ ცხოვრებას შეალია. წმინდანის დროინდელი ქვეყანა საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით განაწამებ მოსახლეობაში ურწმუნოება სუფევდა. თავად წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული ადამიანების უწესო ქცევის თანამონაწილე გახდა. საღვთო მადლით სავსე მამა პიმენმა იცოდა, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, ხალხიც მიბაძავდა მათ, ამიტომ ერზე ზრუნვა ხელმწიფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყო.

წმინდა პიმენმა მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდანმა “ნათესავი ლევთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით წმინდა პიმენ სალოსის დიდი სურვილი აღსრულდა: მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. წმინდა პიმენის ხსენების დღეა 16(29) მარტი.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსინეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა. ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.

ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: “შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში”. იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.

ამგვარი უანგარო და დაფარული ღვაწლის გამო სალოსები ადამიანებისათვის ღვთის წინაშე მეოხნი ხდებიან. მათ შორის ბევრი წმინდანადაა შერაცხული.

საზვერეები


ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს. მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც. ყველას უნდა გვახსოვდეს იმ საშინელი დღის შესახებ, როდესაც ცოდვები მოგვეკითხება. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს. იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც, რომელიც ადამიანს აღარც კი ახსოვს. სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სწორედ სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)
II საზვერე – სიცრუის ცოდვა
III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა
IV საზვერე – ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა
V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა
VI საზვერე – ქურდობის ცოდვა
VII საზვერე – სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა
VIII საზვერე – ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)
IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა
X საზვერე – შური
XI საზვერე – ამპარტავნება
XII საზვერე – მრისხანება
XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი
XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა
XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა
XVI საზვერე – სიძვის ცოდვა
XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა
XVIII საზვერე – სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)
XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა
XX საზვერე – ულმობელობა და ყოველვარი სისასტიკე . თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.

განსაცდელი


“რომ არ ყოფილიყო განსაცდელი ვერავინ ცხონდებოდაო” – ბრძანებენ წმინდა მამები…
მაინც რა არის განსაცდელი?

განსაცდელი გზაა ღვთისაკენ… გზა იმ მორწმუნისა, რომლის ამქვეყნიური ცხოვრების მთავარ მიზანს, ღვთის მცნებათა აღსრულებით, ცათა სასუფევლის მკვიდრობის ღირს-ყოფა წარმოადგენს…

განსაცდელის შესახებ საუბრისას წმინდა მამა იოანე ოქროპირი განსაცდელის ორ სახეს გამოყოფს: ნებსით და გარე განსაცდელს, რომლებსაც ასე განმარტავს:

ნებსითი განსაცდელი სულიერი ვნებებია, რომლებიც ზრახვებისაგან წარმოიშობა. იმ ზრახვებისაგან, რომელიც ადამიანს ეშმაკისაკენ მიდრეკილს და მასზე დამოკიდებულს ხდის… იგი ცოდვის ტყვე ხდება. ასეთ მდგომარეობას მორწმუნე ქრისტიანი უნდა გაურბოდეს საქმით და ლოცულობდეს სიტყვით, როგორც მოგვიწოდა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: “მოუკლებელად ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა”. ნებსითი განსაცდელი მშობელია სასოწარკვეთისა, რომლის შედეგიც სულიერი სიკვდილია. ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად არ უნდა შევიწყნაროთ განმხრწნელი გულისთქმა და თუ მაინც შემოვა, ანუ იშვება იგი ჩვენში, ჩვენშივე უნდა მოვაშთოთ და თუ მაინც დარჩება უნდა მოვაკვდინოთ სინანულითა და აღსარებით, რამეთუ არაფერი კლავს ცოდვას ისე, როგორც აღსარებით განქიქება და სამუდამოდ აღმოფხვრა მისი ჩვენი ცხოვრებიდან. ნებსითი განსაცდელია ის განსაცდელი, რომლის თავიდან აცილებასაც ვითხოვთ “მამაო ჩვენოში” სიტყვებით: “და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა”. ადამიანი უნდა ევლტოდეს ნებსით განსაცდელს, რომელიც მასში, თუ არა სინანული, სულიერი სიკვდილის მშობელი ხდება და სიხარულით უნდა მიილტვოდეს იმ განსაცდელისაკენ, რომელიც მას ცათა მოქალაქეობის ღირსს ხდის. ეს განსაცდელი კი წმინდა იოანე ოქროპირის თქმით გარედან მოსული განსაცდელია, რემელზეც წმინდა მოციქული იაკობი ბრძანებს: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვვეთ პირად-პირადსა” (იაკობი 1.2), რამეთუ განსაცდელი ესე გამომახურვებელ და განმწმედელ არს სულისა. სულის განწმენდა კი დაუსრულებელი გრძელდება ქრისტიანის ცხოვრებაში, ამიტომ განსაცდელი არა ერთხელ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დაითმინოს ადამიანმა, ვინაიდან ბრძანებს მოციქული “რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო”.

“ჩვენზე მოწევნული ჭირისა და განსაცდელისათვის უფალი ნეტარებასა და “აღთქმის გვირგვინს” გვიბოძებს, რამეთუ განსაცდელის თავსმდებელს უფალმა განუმზადა იმგვარი მდგომარეობა, ანუ ნეტარება, რომელსაც ვერანაირი ხედვა, სმენა, მოგონება და აზროვნება ვერ დაიტევს”, – ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

ადამიანზე განსაცდელი მის გონზე მოსასვლელად და ღვთის სადიდებელად ეშვება. განსაცდელისას ადამიანი უფრო მეტად ესავს უფალს, რომელიც მას იმხელა განსაცდელს აძლევს, რომლის დატევაც შეუძლია. როგორც მზრუნველი დედა თავის სამი თვის შვილს არ მისცემს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც ხუთი წლის ბავშვისთვისაა საჭირო, რამეთუ არ სეუძლია სამი თვის ბავშვს ამდენის მიღება, ასევე უფალი არ დაუშვებს თავის უსაყვარლეს ქმნილებაზე იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის დატევა და თავსდებაც არ შეუძლია მას… განსაცდელის გარეშე უღვთოდ დარჩენილი მამები უფალს ცრემლით ევედრებოდნენ, რომ მიემადლებინა ყოვლის შემოქმედს მათთვის განსაცდელი. ვინაიდან განსაცდელის არქონა უფლისგან მიტოვებულობაა, სიშორეა მისი. სიშორე, რომელიც სასუფევლისათვის მებრძოლ მამებში, შობდა დაუოკებელ წყურვილს განსაცდელისას, რითაც მარადის განადიდებდნენ არარსებობიდან ყოველივეს არსებობაში მომყვანსა და მაცოცხლებელ, დაუსაბამო და დაუსრულებელ ყოვლადწმიდა სამებას…

ქრისტიანის ცხოვრება ბრძოლაა სხვადასხვა ასპარეზზე. “ის კი, ვინც ბრძოლაში გაგაგზავნა (მაცხოვარი), ძალასაც მოგცემს ამ ბრძოლაში გამარჯვებისას”, – ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. ბრძოლა კი განსაცდელის სიხარულით მიღება, ღვთის მადლითა და შეწევნით თავსდება და მისივე უსასრულო მოწყალებით ამ განსაცდელის კეთილად განსრულებაა, რომლითაც დაღარულთ ცათა სასუფევლის მკვიდრობა ელოდებათ…

суббота, 24 июля 2010 г.

სქეარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)



„შეიყვარეთ სიყვარული“

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.

ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. „რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად“, - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, - ამბობდნენ მასზე - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის „ნაკლი“, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: „აღარ მიხვიდე მასთანო“. „ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო“, - მიუგია.
დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო“. რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ ბაქკანალიას, წუხდა საშინლად ქართველთა შინაომის გამო. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. გახსოვთ ალბათ, მეტრო „დიდუბესთან“ იარაღით დატვირთული ვაგონები რომ აფეთქდა. მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ისეთ ადგილას დადგა, საიდანაც კარგად ჩანდა ეს საშინელება და ლოცვა დაიწყო. ხატი მაღლა აწეული ეკავა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. არავინ დაღუპულა. ეს ცხადი სასწაული იყო...

სოხუმში ომი რომ დაიწყო, მაშინ აღიღო ის ღვაწლი, წერილის დასაწყისში რომ ვახსენეთ. ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: „იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა“. საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა:„ არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან“. ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს.

„მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს - ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“, - იტყოდა ხოლმე. ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.

მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: „ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო“.

ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.

საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: „ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო“. „გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო“, - უთქვამს ერთხელ.
დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: „დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო“. 1992 წელს კი წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც - მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.

სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). „მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო“, - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

„წმინდანო ღმრთისანო, გამხსენით ყოველთა საკრველთაგან და მიმაჯაჭვეთ ზეცას“ - შეჰღაღადებს ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. ჩვენც მივიდეთ მამა ვიტალის საფლავთან, ვესაუბროთ მას, როგორც ცოცხალს, სული მოვიბრუნოთ მის საფლავთან მომდინარე მადლით, - ეგებ გაგვეხსნას სულიერ თუ ხორციელ სნეულებათა საკრველნი და მცირე ხნით მაინც „მივეჯაჭვოთ ზეცას“.
მოგონებები მამა ვიტალიზე

სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): „მამა ვიტალისთან პირველად მისულს მისთვის არანაირი შეკითხვა არ დამისვამს.

არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რას მეუბნებოდა იგი, უბრალოდ, მინდოდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, და მე მასთან ხშირად სიარული დავიწყე.

ერთხელ გავუმხილე ჩემი სანუკვარი ოცნება - ბერად შედგომის სურვილი და კურთხევა ვთხოვე, ოპტის უდაბნოში გავეშვი. მამა ვიტალიმ მიპასუხა: „დიახ, ოპტის უდაბნოში კარგი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, სხვაგვარადაც მოხდეს“. მან მიამბო, როგორ მივიდა მასთან ერთი ახალგაზრდა და უთხრა, რომ მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ორი წელი გავიდა, სანამ იგი იქ მოხვდებოდა.

მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მე მეხებოდა. ჩემი სურვილის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევძელი. ამას ხელი შეუშალა აფხაზეთის ომმა. მე მას კურთხევა ვთხოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში წავსულიყავი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ მაჩუქა ხატები და 90-ე ფსალმუნი: „წაიკითხე!“ - მითხრა მან. მთელი ომის განმავლობაში ვატარებდი გულით ამ სიწმიდეებს და ცოცხლად გადავრჩი.

როცა მამა ვიტალის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, თბილისში ჩამოვედი. ტაძარში გამოვემშვიდობე მას და უკან ისე გავბრუნდი, რომ დაკრძალვას არ დავსწრებივარ. მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იგი მიფრთხილდებოდა და მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი: იმისთვის, რომ ბერი გავხდი, რომ ღმერთმა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დამადგინა, ჩემი მღვდელმთავრობისათვის (მამა ვიტალიმ ახალგაზრდა ანდრიას უწინასწარმეტყველა მღვდელმთავრობა. აი, როგორ იხსენებს ამას სქემიღუმენია სერაფიმა: როდესაც ანდრია ჩვენგან გავიდა, მამა ვიტალიმ უცებ მითხრა: „რატომ არ აიღე კურთხევა მღვდელმთავრისაგან?“ მაშინ ვერ მივხვდი, რომელ მღვდელმთავარზე მელაპარაკებოდა, მაშინ ხომ ანდრია ბერიც კი არ იყო“).
* * *

როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმიდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მან მოიტანა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს მისი უწმიდესობა ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: „მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!“ როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო.
* * *

სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?“ იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?“ მან თავი დამიქნია და ატირდა.
* * *

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა.

მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ“. უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს“.
* * *

1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა:

„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება.

გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ...“
* * *

მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო“.

„თვითონ აიღო!“ - დამიდასტურა გვერდით მდგომაა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში).

უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით).

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით“.

„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ - უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!“

пятница, 23 июля 2010 г.

მრწამსი

მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვნით მამისა.
და კვლად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმინდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი




ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს. ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რითმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურღია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღმრთიმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.

უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშნველობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი სამქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად".
რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღმრთის განგებაა, ღმრთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღმრთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აღზრდით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვეოდა. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ „სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".

ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველთმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.