воскресенье, 1 августа 2010 г.

ღირსი მამა დავით გარეჯელი


ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითმა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გადამწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტჳნვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა“.

ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმვსებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.

უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.


გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.

ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი, ასე ერქვა იმ ბარბაროსს, ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.

ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმიდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.

ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმელი გახდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

воскресенье, 25 июля 2010 г.

ვინ არიან სალოსები?



სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი – ქრისტესთვის სულელი, ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, პატივისცემას, დაფასებას ვერ იღებენ და უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს პრეტენზია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ხშირად ადამიანური “ღირსების” დასაცავად ჭეშმარიტ ღირსებას – ღვთის ხატებას შეურაცხვყოფთ. სალოსი კი არაფრად აგდებს ხალხის ქება-დიდებასა თუ ლანძღვა-გინებას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი წმინდად ცხოვრება და უფალთან დაახლოებაა.

შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ამისთვის თავის მოსულელება? პასუხი მარტივია: ისინი ამით უმძიმეს ცოდვას – ამპარტავნებას თრგუნავენ, საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.

ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. მათთან კავშირი მოძღვართან უნდა შევათანხმოთ, რომ არც ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი და არც მათ შევექმნათ დაღუპვის საშუალებად.

“სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავ დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა – სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია: – ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. საინტერესოა ბერის მეზობლის, რაფიელ კობაჩიშვილის მოგონება: “ჩვენ მამა გაბრიელის მეზობლად ვცხოვრობდით. პატარა ბიჭებს აგვიყოლიებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ჯვრებს და წმინდა ბარბარეს ეკლესიის გარშემო გვატარებდა. ერთხელ რაღაც საოცარი გამომეტყველებით თვალებში ჩამხედა და მითხრა: გახსოვდეს მუდამ, ღმერთი არს! თქვა თუ არა ეს სიტყვები, წაიქცა და თავი დაარტყა მიწას. ხელებს იქნევდა, სულელურად იქცეოდა. მიუხედავად მისი ასეთი საქციელისა, მე მაშინვე მივხვდი, რომ იგი სულაც არ იყო სულელი. მან რწმენით ნათქვამი ორი სიტყვით ღმერთის სიყვარული სამუდამოდ დაამკვიდრა ჩემში”. იმისათვის, რომ სალოსობის ღვაწლის სიძლიერეზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგალითად მოვიყვანთ ორი ბერის – წმინდა პიმენ სალოსისა და ნატარი ანდრიას ცხოვრებას:

პიმენ სალოსიწმინდა პიმენ სალოსი XIII საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო. ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით იზრდებოდა. საერო და სასულიერო მეცნიერების მცოდნე წმინდა პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ის თავის სულიერ წარმატებას მოგონილი სისულელით მალავდა “და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს”. წმინდანი მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესობას უშიშრად ამხელდა.

მამა პიმენმა მთელი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ ცხოვრებას შეალია. წმინდანის დროინდელი ქვეყანა საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით განაწამებ მოსახლეობაში ურწმუნოება სუფევდა. თავად წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული ადამიანების უწესო ქცევის თანამონაწილე გახდა. საღვთო მადლით სავსე მამა პიმენმა იცოდა, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, ხალხიც მიბაძავდა მათ, ამიტომ ერზე ზრუნვა ხელმწიფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყო.

წმინდა პიმენმა მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმინდანმა “ნათესავი ლევთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა”.

ღვთის ნებითა და წმინდანთა ლოცვით წმინდა პიმენ სალოსის დიდი სურვილი აღსრულდა: მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. წმინდა პიმენის ხსენების დღეა 16(29) მარტი.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსინეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა. ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.

ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: “შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში”. იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.

ამგვარი უანგარო და დაფარული ღვაწლის გამო სალოსები ადამიანებისათვის ღვთის წინაშე მეოხნი ხდებიან. მათ შორის ბევრი წმინდანადაა შერაცხული.

საზვერეები


ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს. მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც. ყველას უნდა გვახსოვდეს იმ საშინელი დღის შესახებ, როდესაც ცოდვები მოგვეკითხება. სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს. იქ მას ეშმაკები ელიან, ახსენებენ და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც, რომელიც ადამიანს აღარც კი ახსოვს. სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სწორედ სიცოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)
II საზვერე – სიცრუის ცოდვა
III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა
IV საზვერე – ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა
V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა
VI საზვერე – ქურდობის ცოდვა
VII საზვერე – სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა
VIII საზვერე – ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა)
IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა
X საზვერე – შური
XI საზვერე – ამპარტავნება
XII საზვერე – მრისხანება
XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი
XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა
XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა
XVI საზვერე – სიძვის ცოდვა
XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა
XVIII საზვერე – სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა)
XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა
XX საზვერე – ულმობელობა და ყოველვარი სისასტიკე . თუ ამ საზვერეეებს გადალახავს, სული სასუფეველში მოხვდება.

განსაცდელი


“რომ არ ყოფილიყო განსაცდელი ვერავინ ცხონდებოდაო” – ბრძანებენ წმინდა მამები…
მაინც რა არის განსაცდელი?

განსაცდელი გზაა ღვთისაკენ… გზა იმ მორწმუნისა, რომლის ამქვეყნიური ცხოვრების მთავარ მიზანს, ღვთის მცნებათა აღსრულებით, ცათა სასუფევლის მკვიდრობის ღირს-ყოფა წარმოადგენს…

განსაცდელის შესახებ საუბრისას წმინდა მამა იოანე ოქროპირი განსაცდელის ორ სახეს გამოყოფს: ნებსით და გარე განსაცდელს, რომლებსაც ასე განმარტავს:

ნებსითი განსაცდელი სულიერი ვნებებია, რომლებიც ზრახვებისაგან წარმოიშობა. იმ ზრახვებისაგან, რომელიც ადამიანს ეშმაკისაკენ მიდრეკილს და მასზე დამოკიდებულს ხდის… იგი ცოდვის ტყვე ხდება. ასეთ მდგომარეობას მორწმუნე ქრისტიანი უნდა გაურბოდეს საქმით და ლოცულობდეს სიტყვით, როგორც მოგვიწოდა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: “მოუკლებელად ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა”. ნებსითი განსაცდელი მშობელია სასოწარკვეთისა, რომლის შედეგიც სულიერი სიკვდილია. ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად არ უნდა შევიწყნაროთ განმხრწნელი გულისთქმა და თუ მაინც შემოვა, ანუ იშვება იგი ჩვენში, ჩვენშივე უნდა მოვაშთოთ და თუ მაინც დარჩება უნდა მოვაკვდინოთ სინანულითა და აღსარებით, რამეთუ არაფერი კლავს ცოდვას ისე, როგორც აღსარებით განქიქება და სამუდამოდ აღმოფხვრა მისი ჩვენი ცხოვრებიდან. ნებსითი განსაცდელია ის განსაცდელი, რომლის თავიდან აცილებასაც ვითხოვთ “მამაო ჩვენოში” სიტყვებით: “და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა”. ადამიანი უნდა ევლტოდეს ნებსით განსაცდელს, რომელიც მასში, თუ არა სინანული, სულიერი სიკვდილის მშობელი ხდება და სიხარულით უნდა მიილტვოდეს იმ განსაცდელისაკენ, რომელიც მას ცათა მოქალაქეობის ღირსს ხდის. ეს განსაცდელი კი წმინდა იოანე ოქროპირის თქმით გარედან მოსული განსაცდელია, რემელზეც წმინდა მოციქული იაკობი ბრძანებს: “ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვვეთ პირად-პირადსა” (იაკობი 1.2), რამეთუ განსაცდელი ესე გამომახურვებელ და განმწმედელ არს სულისა. სულის განწმენდა კი დაუსრულებელი გრძელდება ქრისტიანის ცხოვრებაში, ამიტომ განსაცდელი არა ერთხელ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დაითმინოს ადამიანმა, ვინაიდან ბრძანებს მოციქული “რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო”.

“ჩვენზე მოწევნული ჭირისა და განსაცდელისათვის უფალი ნეტარებასა და “აღთქმის გვირგვინს” გვიბოძებს, რამეთუ განსაცდელის თავსმდებელს უფალმა განუმზადა იმგვარი მდგომარეობა, ანუ ნეტარება, რომელსაც ვერანაირი ხედვა, სმენა, მოგონება და აზროვნება ვერ დაიტევს”, – ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

ადამიანზე განსაცდელი მის გონზე მოსასვლელად და ღვთის სადიდებელად ეშვება. განსაცდელისას ადამიანი უფრო მეტად ესავს უფალს, რომელიც მას იმხელა განსაცდელს აძლევს, რომლის დატევაც შეუძლია. როგორც მზრუნველი დედა თავის სამი თვის შვილს არ მისცემს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც ხუთი წლის ბავშვისთვისაა საჭირო, რამეთუ არ სეუძლია სამი თვის ბავშვს ამდენის მიღება, ასევე უფალი არ დაუშვებს თავის უსაყვარლეს ქმნილებაზე იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის დატევა და თავსდებაც არ შეუძლია მას… განსაცდელის გარეშე უღვთოდ დარჩენილი მამები უფალს ცრემლით ევედრებოდნენ, რომ მიემადლებინა ყოვლის შემოქმედს მათთვის განსაცდელი. ვინაიდან განსაცდელის არქონა უფლისგან მიტოვებულობაა, სიშორეა მისი. სიშორე, რომელიც სასუფევლისათვის მებრძოლ მამებში, შობდა დაუოკებელ წყურვილს განსაცდელისას, რითაც მარადის განადიდებდნენ არარსებობიდან ყოველივეს არსებობაში მომყვანსა და მაცოცხლებელ, დაუსაბამო და დაუსრულებელ ყოვლადწმიდა სამებას…

ქრისტიანის ცხოვრება ბრძოლაა სხვადასხვა ასპარეზზე. “ის კი, ვინც ბრძოლაში გაგაგზავნა (მაცხოვარი), ძალასაც მოგცემს ამ ბრძოლაში გამარჯვებისას”, – ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. ბრძოლა კი განსაცდელის სიხარულით მიღება, ღვთის მადლითა და შეწევნით თავსდება და მისივე უსასრულო მოწყალებით ამ განსაცდელის კეთილად განსრულებაა, რომლითაც დაღარულთ ცათა სასუფევლის მკვიდრობა ელოდებათ…

суббота, 24 июля 2010 г.

სქეარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)



„შეიყვარეთ სიყვარული“

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

1992 წელს, როცა საქართველოში ძმა ძმას ტყვიას ესროდა, როცა ცოდვა იყო გამრავლებული და მადლი - არ გარდამეტებული, თბილისში ერთმა სქემარქიმანდრიტმა დიდი ღვაწლი აიღო: მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, ისედაც მცირედი საკვების მიმღები პურსა და წყალზე გადავიდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეეტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს, შესთხოვდა, სიმშვიდის სული გარდამოევლინა ქართველთა ზედა. იგი არ გახლდათ ხორციელი ნათესავი ქართლოსიანთა, რუსი იყო, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი მოყვასი ივერიისა.

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.

16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. ბერობის სურვილი მტკიცედ ჩაწვნოდა სულში.

ერთხანს წმიდა სერგის ლავრაში ცხოვრობდა, ომის შემდეგ რომ გაიხსნა, მაგრამ იქ მისი უსაბუთოდ გაჩერება არ მოხერხდებოდა, ამიტომ მამებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს. იმხანად იქ დიდი მამები სერაფიმე რომანცევი, სერაფიმე ამელინი, ანდრონიკე ლუკაში და სხვანი მოღვაწეობდნენ. მათგან ისწავლა ვიტალიმ სიმდაბლე, მორჩილება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. „რაში ჩანს სულიერი წარმატება? - სიმდაბლეში. ვინც რარიგად დამდაბლდება, ისევე წარემატება სულიერად“, - ასწავლიდა მამა ანდრონიკე და ვიტალიც საქმით აღასრულებდა. მერე და მერე მისი გლინის უდაბნოში დამალვაც გაჭირდა და მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. მათთან ერთად ფეხით მოივლიდა და მოილოცავდა ხოლმე რუსეთის სიწმინდეებს. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.

მოხდა სასწაული - ვიტალი გადარჩა.

ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. ჩანდა, გლინის უდაბნოს მალე დახურავდნენ, ამიტომ მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. იმხანად იქ მრავალი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე შეუყვარდათ ძმებს ვიტალი, მაგრამო, - ამბობდნენ მასზე - ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო. ეს იყო ის „ნაკლი“, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ მოსცილებია.

ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.

დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან. თანამესენაკენი აღშფოთდნენ თურმე: „აღარ მიხვიდე მასთანო“. „ჩემს მამებს ასე არ უსწავლებიათო“, - მიუგია.
დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). ვიტალიმ ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო.

გაძნელდა მისი უსაბუთოდ დაფარვა: „აირჩიე - ან ციხე, ან პასპორტიო“. რა იყო მისთვის ციხე, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა სძლია...

დიდუბეში, ერთ პატარა ქოხში დასახლდა. მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, შეეძლო აქვე შეეწირა უსისხლო მსხვერპლი ან მონაზვნები აღეკვეცა. მალე მისი სახლი მონასტრად იქცა.

საქართველოს სიყვარული მამა ვიტალის მეუფე ზინობისგან გადაედო - გარდაცვალების წინ უხმო და აკურთხა თურმე, უწმინდესის გვერდით ყოფილიყო და არასოდეს დაეტოვებინა საქართველო...

ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე. ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, - იტყოდა სინანულით. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო. ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მეტისმეტად განიცდიდა ამ ძმათამკვლელ ბაქკანალიას, წუხდა საშინლად ქართველთა შინაომის გამო. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. გახსოვთ ალბათ, მეტრო „დიდუბესთან“ იარაღით დატვირთული ვაგონები რომ აფეთქდა. მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ისეთ ადგილას დადგა, საიდანაც კარგად ჩანდა ეს საშინელება და ლოცვა დაიწყო. ხატი მაღლა აწეული ეკავა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. არავინ დაღუპულა. ეს ცხადი სასწაული იყო...

სოხუმში ომი რომ დაიწყო, მაშინ აღიღო ის ღვაწლი, წერილის დასაწყისში რომ ვახსენეთ. ჯერ კიდევ ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: „იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა“. საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა:„ არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან“. ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს.

„მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს - ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“, - იტყოდა ხოლმე. ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს.

მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითნ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: „ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდებაო“.

ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.

საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: „ეპიტიმია დამადე - აბორტი გავიკეთეო“. „გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო“, - უთქვამს ერთხელ.
დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: „დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო“. 1992 წელს კი წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც - მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.

სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). „მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო“, - გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.

„წმინდანო ღმრთისანო, გამხსენით ყოველთა საკრველთაგან და მიმაჯაჭვეთ ზეცას“ - შეჰღაღადებს ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. ჩვენც მივიდეთ მამა ვიტალის საფლავთან, ვესაუბროთ მას, როგორც ცოცხალს, სული მოვიბრუნოთ მის საფლავთან მომდინარე მადლით, - ეგებ გაგვეხსნას სულიერ თუ ხორციელ სნეულებათა საკრველნი და მცირე ხნით მაინც „მივეჯაჭვოთ ზეცას“.
მოგონებები მამა ვიტალიზე

სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): „მამა ვიტალისთან პირველად მისულს მისთვის არანაირი შეკითხვა არ დამისვამს.

არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რას მეუბნებოდა იგი, უბრალოდ, მინდოდა, მასთან ახლოს ვყოფილიყავი, და მე მასთან ხშირად სიარული დავიწყე.

ერთხელ გავუმხილე ჩემი სანუკვარი ოცნება - ბერად შედგომის სურვილი და კურთხევა ვთხოვე, ოპტის უდაბნოში გავეშვი. მამა ვიტალიმ მიპასუხა: „დიახ, ოპტის უდაბნოში კარგი იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა, სხვაგვარადაც მოხდეს“. მან მიამბო, როგორ მივიდა მასთან ერთი ახალგაზრდა და უთხრა, რომ მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ორი წელი გავიდა, სანამ იგი იქ მოხვდებოდა.

მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მე მეხებოდა. ჩემი სურვილის განხორციელება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შევძელი. ამას ხელი შეუშალა აფხაზეთის ომმა. მე მას კურთხევა ვთხოვე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, სოხუმში წავსულიყავი. გამგზავრების წინ მამა ვიტალიმ მაჩუქა ხატები და 90-ე ფსალმუნი: „წაიკითხე!“ - მითხრა მან. მთელი ომის განმავლობაში ვატარებდი გულით ამ სიწმიდეებს და ცოცხლად გადავრჩი.

როცა მამა ვიტალის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, თბილისში ჩამოვედი. ტაძარში გამოვემშვიდობე მას და უკან ისე გავბრუნდი, რომ დაკრძალვას არ დავსწრებივარ. მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ იგი მიფრთხილდებოდა და მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი: იმისთვის, რომ ბერი გავხდი, რომ ღმერთმა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დამადგინა, ჩემი მღვდელმთავრობისათვის (მამა ვიტალიმ ახალგაზრდა ანდრიას უწინასწარმეტყველა მღვდელმთავრობა. აი, როგორ იხსენებს ამას სქემიღუმენია სერაფიმა: როდესაც ანდრია ჩვენგან გავიდა, მამა ვიტალიმ უცებ მითხრა: „რატომ არ აიღე კურთხევა მღვდელმთავრისაგან?“ მაშინ ვერ მივხვდი, რომელ მღვდელმთავარზე მელაპარაკებოდა, მაშინ ხომ ანდრია ბერიც კი არ იყო“).
* * *

როდესაც მამა ვიტალი ძალიან ცუდად ხდებოდა, დედა სერაფიმა პატრიარქს ურეკავდა და უწმიდესიც აუცილებლად რამეს უგზავნიდა ან თვითონ მოდიოდა მასთან. ერთხელ მან მოიტანა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანადის მირონმდინარე ხატის ზეთი და თვითონ სცხო მამა ვიტალის. ამ დროს მისი უწმიდესობა ყოველთვის ამხნევებდა მას და ყველა იქ მყოფს. შემოვიდოდა და გასხივოსნებული გაუღიმებდა: „მამა ვიტალი, ყველაფერი კარგად იქნება!“ როდესაც მისი ოთახიდან გამოდიოდა, ემჩნეოდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ მამა ვიტალის ამას არასოდეს აჩვენებდა. მისი მონახულების შემდეგ მამა ვიტალი ყოველთვის გახარებული და გამხნევებული იყო.
* * *

სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?“ იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?“ მან თავი დამიქნია და ატირდა.
* * *

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა.

მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ“. უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს“.
* * *

1992 წლის 5 დეკემბერს მისი უწმიდესობის კურთხევით მამა ვიტალი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებდა. ქადაგებაში მან ბრძანა:

„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ხუცესს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება.

გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ხუცესი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხუცესთაგანია, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ...“
* * *

მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო“.

„თვითონ აიღო!“ - დამიდასტურა გვერდით მდგომაა მღვდელმა მიქაელ დიდენკომ (იგი 2000 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტის ხარისხში).

უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო (მღვდელმსახურთა ეს რეაქცია დაფიქსირებულია ვიდეოკამერით).

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები. მამა ვიტალის საფლავთან მოდიან ისინიც, ვინც ადრე მას არ იცნობდა, მოდიან ხუცესის მადლიანი შეწევნისათვის, რომელსაც ისინი რეალურად გრძნობენ თავიანთ ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხომ მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით“.

„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ - უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!“

пятница, 23 июля 2010 г.

მრწამსი

მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვნით მამისა.
და კვლად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმინდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი




ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს. ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად, ან უკეთ რომ ვთქვათ, უხილავი ძალით, რითმულად და ჰორიზონტალურად დიდი ხნის განმავლობაში. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურღია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღმრთიმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. ეს საკვირველი სანახაობა იმ წუთებში იწვევს შიშსა და გაოცებას, სიხარულსა და მოკრძალებას, როგორც მონასტრის მამათა შორის, ასევე იმ დროს იქ მყოფ მლოცველებშიც, რომლებიც პირველად ხედავენ ამ მოვლენას.

უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშნველობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: „აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი სამქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად".
რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღმრთის განგებაა, ღმრთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღმრთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აღზრდით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვეოდა. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ „სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".

ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველთმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.

გადმოცემა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ



„ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას"

ერთხელ, XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას".
წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.
ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვუყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა".
ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად" ანუ „კარიბჭისად" და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი". მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს - „მწყალობელი". იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა. არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.
„გმადლობ, რომელმან ღირს მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა..."
გადმოცემის თანახმად, ივერიის ღმრთისმშობელი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა (სიგრძეში 1,37 მეტრი, ხოლო სიგანეში 0,9 მეტრი), ისევე როგორც ქალწულის ღმრთაებრივი სახის ფერწერა დიდებულია და მასზე დედა მოწყალებისა და ნუგეშინისცემისა წარმოგვიდგება დედად პირუთვნელი მსაჯულისა. მისი სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძრველი ხატი არ მოიპოვება მთელს წმიდა მთაზე. ხატზე სჭარბობს მოშავო-მონაცრისფრო ტონები, და სახეზე დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა. საკვირველთმოქმედი ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროცურვილი ვერცხლით და შემკულია სხვადასხვა მეფეთა, დიდებულთა და ღმრთის დედის მადლიერ თაყავანისმცემელთა მიერ შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად. ამჟამად ამ საპატიო მოვალოებას ასრულებს მღვდელ-მონაზონი იერემია (1999 წ.).
ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოს ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე: „ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს" წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვრიველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურღიას. წარსულში, როდესაც მოგზაურობა ძალზე ძნელი იყო, უთვალავი მლოცველი მოისწრაფოდა ივერთა სავანეში - ერთნი ფეხით, სხვანი ჯორებზე ამხედრებულნი, ზოგიერთები კი ნავებითა და ხომალდებით. საუკუნეებმა ვერ შეარყია ივერიის ხატისადმი პატივისცემა. დღესაც დღესასწაულზე ათასობით მორწმუნე ავსებს მონასტერსა და მის ეზოს, ნავმისადგომსა და მთელს სანაპიროს. აურაცხელია სახიერი მეკარის ხატიდან მომდინარე კურნებანი და საკვირველებანი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას, სარწმუნოებითა და სასოებით მისდამი მოლტოლვილთ უშურველად და უხვად მიანიჭებს სწრაფ შეწევნას, არავის ტოვებს უნუგეშოდ, ყველას შეიტკბობს და თავის დედობრივ კალთას გადააფარებს.

ლოცვანი იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ტროპარი

სახეჲ მტკიცისა შუამდგომელობისა და გულმოწყალებისა შენისა, დედუფალო, ხატი იერუსალიმისა გამოგვიბრწყინდა ჩუენ და აღვავლენთ ლოცუასა სულთა ჩუენთგან წინაშე მისსა, და სარწმუნოებითა ვხმობთ შენდამო: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი მწუხარებანი და ვნებანი ჩუენნი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინის-ცემანი გულთა შინა ჩუენთა დანერგენ და ცხორებაჲ სამარადისოჲ ითხოე სულთა ჩუენთათვის.
ლოცვა

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩუენ ცოდუილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მოგვიტევნეს ცოდუანი და უსჯულოებანი ჩუენნი, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩუენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩუენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი


გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს ლუკა მახარებელმა დაწერა. 453 წელს ხატი იერუსალიმიდან ცარგრადში გადაიტანა საბერძნეთის მეფემ ლეონ დიდმა და იქ ღვთისმშობლის ტაძარში მოათავსა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში გადააბრძანეს. 988 წელს ხერსონში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმიდა დიდ მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მას კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ნოვგოროდელთა მოქცევასთან დაკავშირებით მათ აჩუქა. ის აქ სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა, რომელმაც ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონის დროს ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს ძველის ზუსტი ასლი, რომელიც მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოიტანეს. ხატის კიდეებზე მოციქულების გამოსახულებებია მოთავსებული: პეტრე და პავლე, იოანე, ლუკა, სიმეონი, ფილიპე, მარკოსი, იაკობი, თომა, ბართლომე; ასევე წმინდა მოწამეები: პროკოფი, გიორგი და მერკური.

ათი მცნება

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია


სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია ღმერთს მხოლოდ იმას ევედრება, რომ წმიდად აცხოვროს და დაიფაროს მძიმე ცოდვებისგან. არასოდეს შეელახოს სამღვდელო ხარისხი. ალბათ, უფალიც უსრულებს ამ თხოვნას – მისგან მადლი და სიყვარული იფრქვევა.
16–17 წლის იქნებოდა, ბაბუა რომ გარდაეცვალა. მაშინ წესის ასაგებად, მარტვილის მონასტრის წინამძღვარი, მამა გოჩა მივიდა. მამაომ იქადაგა, აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინათ მიცვალებულის სულის საოხად, როგორ ეზრუნათ მისთვის. იმ დღიდან დაიწყო მამა შალვამ ფიქრი, თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. ფიქრებმა ტაძარში მიიყვანა. მარტვილის მონასტერში დაიწყო სიარული. იქ ესწრებოდა წირვა–ლოცვებს, მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი. მერე გადაწყვიტა, სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. 1996 წელს ჩააბარა სემინარიაში და მალევე გახდა პატრიარქის სტიქაროსანი, მედავითნე.ეკლესიური ცხოვრების გარდა, სხვა ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელი გახდა. მუდმივად ცდილობდა, უფლის წინაშე მართლად და წმიდად ემსახურა. 11 წელი იმსახურა პატრიარქთან.
პირველად გლდანში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობას მამა გიორგი ზვიადაძემ აზიარა. პირველი აღსარებაც მას ჩააბარა. ძალიან მძაფრად განიცდიდა პირველ აღსარებას, გრძნობდა, რომ ახალ ცხოვრებას იწყებდა.
ერთხელ ასეთი შემთხვევა ჰქონდა: სენაკში, თეკლათის მონასტერში ესწრებოდა ღმრთისმსახურებას. საკურთხეველში აღარ შევიდა, გარეთ დადგა ამბიონის კუთხეში. სტიქაროსანმა რომ დაინახა, უთხრა, ეს წმიდა ადგილია, ერისკაცის დგომა არ შეიძლებაო. მაპატიეთო უთხრა და ქვემოთ ჩამოვიდა. მონასტერში მისი კურსელი მსახურობდა და ის ბიჭი, ვინც შენიშვნა მისცა, მისი მორჩილი აღმოჩნდა. მერე, როდესაც მოძღვრისგან გაიგო, რომ ის პატრიარქის სტიქაროსანი იყო, უამრავი შეკითხვა დაუსვა, ახლოს თუ ყოფილა პატრიარქთან, თუ შეხებია მას, რამე თუ უთქვამს მისთვის და ა.შ. მამა შალვასთვის თითქოს, გაუბრალოებული იყო ასეთი სიახლოვე მის უწმინდესობასთან. იმ დღიდან თქვა, რომ პატრიარქთან ყოველი შეხვედრა იქნებოდა ისეთივე, როგორც პირველი – მორიდებისა და მოწიწების. მადლობა უფალს, ახლაც ასეა. უწმინდესი სიონის საკათედრო ტაძარში რომ მობრძანდება, ახლაც ის ადის სამრეკლოზე ზარების დასარეკად, როგორც ეს იყო სტიქაროსნობის ჟამს.
ერთი პერიოდი, ავადმყოფობის გამო, უწმინდესი სასულიერო პირებს თვითონ ვეღარ აკურთხებდა. დიაკვნად პატრიარქმა აკურთხა და უნდოდა, რომ მღვდლადაც მას დაესხა ხელი. როცა უთხრეს, კურთხევისთვის მომზადებულიყო, მამა გიორგის გაუმხილა თავისი სურვილი, რომ ძალიან უნდოდა, მღვდლის ხარისხიც პატრიარქის ხელიდან მიეღო. თუ არადა, რამდენიმე წელიც რომ გასულიყო, მაინც დაელოდებოდა. მამა გიორგიმ მიიყვანა პატრიარქთან და გადასცა მისი სურვილი – თქვენგან სურს ხელდასხმის მიღება და 20 წელიც რომ გავიდეს, მაინც თქვენ დაგელოდებათო. 26 იანვარი იყო, ნინოობის წინა საღამო. მაშინ ხვალ გაკურთხებო, უთხრა პატრიარქმა. ის ღამე ტაძარში გაათენა. ასეთი წესია, როცა მღვდლად გაკურთხებენ. გაათენა ღამე, მაგრამ მოხდა ისე, რომ დილით პატრიარქი ვერ მობრძანდა წირვაზე. რადგან ღამე გათენებული ჰქონდა, ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს, მაინც ეკურთხებინათ. მერე საპატრიარქოდან დარეკეს, გადავდოთ კურთხევაო. უწმინდესი გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ, იქიდან რომ დაბრუნდა, მეორე წირვაზე, შენდობის კვირას უკვე აკურთხა მღვდლად. სიმბოლურად დაემთხვა ის, რომ ზუსტად იმ დღეს მოუწია მღვდლად კურთხევა, როდესაც ეკლესიაში პირველად მივიდა, ეს იყო შენდობის კვირა. 2 წელი და რამდენიმე თვე იყო დიაკვანი. დიაკვნობაც უდიდესი და ძალიან წმიდა მსახურებაა ღმრთის წინაშე. ძალიან უყვარდა დიაკვნობაც და მედავითნეობაც. სიონში ახლაც კითხულობს ხოლმე დავითნს, ყოველი აღდგომის დღესასწაულზე კი ზარებს რეკავს.
მოძღვრობა არ არის მხოლოდ საიდუმლოებების აღსრულება, უპირველეს ყოვლისა, მოძღვრის ვალია, ადამიანები, მასთან მისული მრევლი აღზარდოს. თვითონ სიტყვა – მოძღვარი ადამიანების აღზრდას, მათი გონების შეცვლას, სიწმინდეში ტარებას ნიშნავს. მაგრამ ეს რომ შეძლო, თავად მოძღვარი უნდა იყო მაგალითი, ძალიან წმიდა, სუფთა ცხოვრებით. შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ადამიანი უნდა გენდობოდეს. პატრიარქს მისთვის აქვს ნათქვამი, სასულიერო პირები მთის წვერზე დგანან, ყველა მხრიდან ჩანან, აქედან გამომდინარე, ყველა მხრიდან გამოწმებენ, ამიტომ არ გაქვს უფლება, შეცდომა დაუშვაო.
საერთოდ, სასულიერო პირი უნდა ცდილობდეს, ბოლომდე დაიხარჯოს ღმერთისთვის, მრევლისთვის. ადამიანები მოძღვართან რომ მიდიან, თავიანთი ცხოვრების შესახებ ისეთ რაღაცებს ესაუბრებიან, რასაც ვერავის გაუმხელენ. მასთან მისულ მრევლს ყოველთვის ეუბნება, რომ ის აღსარებას მასთან კი არ ამბობს, არამედ – ქრისტესთან. უფალმა ისედაც იცის, რა ჩაუდენია, მის წინაშე რა შეუცოდავს, მაგრამ მისგან აღიარებას ელოდება. ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ უფალმა ეს ყოველივე იცის, მაშინ მოძღვართან რატომ უნდა ვაღიაროთო. აღსარება არის ჩადენილი ცოდვების გამო სინანულის გამოხატულება. "ნუცა გრცხვენია და ნუცა გეშინის, რომ რამე დაფარო ჩემ წინაშეო"- ამბობს უფალი. თუ რამეს დაფარავ ჩემ წინაშე, ანუ მცირე ცოდვას მაინც, ის გექნება უმეტესად, და ორჯერ მეტად მოგეთხოვება დაფარული ცოდვის გამოო. ამიტომ, ჯობს ყველაფერი ითქვას და შიშის ან სირცხვილის გამო არაფერი დაიფაროს.
დედის გვარია ხელაია. ბაბუა ამბობდა ხოლმე, წინაპარი გვყავდა მღვდელი, რომელმაც ეკლესიისთვის თავი გასწირაო. მან არ იცოდა, რომ ის პატრიარქი იყო. მართალია, მან ვერ აღმოაჩინა პირდაპირი ნათესაური კავშირი მასთან, თუმცა, ძალიან ეხმარება წმიდა ამბროსი აღმსარებელი. პირველი ქრისტიანული წიგნი, რომელიც ნახა, სწორედ ამბროსი ხელაიას ცხოვრება იყო. ახლა იმ ტაძარში მსახურობს, სადაც მისი წმიდა ნეშთი განისვენებს. როდესაც რაიმე პრობლემა აქვს, ყოველთვის მიდის მის საფლავთან და სთხოვს, დაეხმაროს. მღვდლად რომ აკურთხეს, მაშინაც შესთხოვა, დახმარებოდა, მღვდლობა წმიდად გაეტარებინა. თითქმის ყოველდღე ევედრება წმიდა ამბროსი აღმსარებელს, რომ შეეწიოს.
ჰყავს 2 შვილი – 4 წლის გიორგი და წლის და 2 თვის ნინო.თავისუფალი დრო თუ აქვს, ცდილობს, ოჯახთან ერთად, მეგობართან, ან ახლობელთან წავიდეს, ან ბავშვი გაასეირნოს.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გიორგი სანამაშვილი



თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის დეკანოზი გიორგი სანამაშვილი მორწმუნე ბებიის დამსახურებით, საღმრთო მადლს ის ბავშვობაშივე ეზიარა, საეკლესიო ცხოვრება მოეწონა და სკოლის დამთავრების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, სასულიერო გზას დადგომოდა-მღვდლის ჯვარი ეტვირთა.
მას დედა და ბებია ზრდიდნენ. ბებია მორწმუნე ჰყავს.სულ ეკლესიაში დაჰყავდა და ბავშვობას დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ატარებდა. ძალიან მოსწონდა საეკლესიო ცხოვრება. ეკლესიური ცნობიერება ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა. სასულიერო პირი მისთვის უცხო არ ყოფილა. საბურთალოზე ცხოვრობდნენ, მერე იქ ბინა გაყიდეს და გლდანში გადავიდნენ, სადაც ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მისი პირველი მოძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი გახლდათ. 1993 წლიდან მრევლში იდგა, 3 წლის შემდეგ კი მამა მიქაელ ასათიანმა სტიქარი ჩააცვა. სემინარიაში რომ ჩააბარა, მეორე კურსზე ყოფნისას, არქიდიაკონ დემეტრეს (დავითაშვილი) მეშვეობით, სიონში დაიწყო სტიქაროსნობა. როდესაც ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი გაიხსნა, იქ გადავიდა.
ბავშვობაში უწმინდესს ბაძავდა. როდესაც სააღდგომო ან საშობაო დღესასწაულთა ტრანსლირება მიმდინარეობდა, ბამბისგან გაიკეთებდა წვერს, თავზე ქვაბს დაიდგამდა, ბებიას წითელი ბუკლეს ხალათს ჩაიცვამდა, წითელი მტვერსასრუტის კვერთხს დაიჭერდა და ამგვარად პატრიარქს ემსგავსებოდა. ერთი პერიოდი დედას რეაქცია ასეთიც კი იყო-ეს ბავშვი საერთოდ არ გაგიჟდესო. სკოლის შემდეგ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა – ხეზე ჭრის ოსტატია. ტექნიკუმი რომ დაამთავრა, ფიქრობდა, აქტიურად დაეწყო სასულიერო ცხოვრება და სემინარიაში ჩაებარებინა, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.უკვე ფიქრობდა, რომ ამ გზას გავყვებოდა და ამას ჯგუფელებთან ხმამაღლა ამბობდა. ჯგუფელები მის ნათქვამს ირონიულად უყურებდნენ, შენგან მღვდელი არ გამოვა, მით უმეტეს, ასე ხმამაღლა რომ ამბობ, არ შეიძლება, თუ უფალი ინებებს, მღვდელი მაშინ იქნებიო. ერთ–ერთი ჯგუფელი იმასაც კი ეუბნებოდა, ამპარტავანი ხარ, ამას ხმამაღლა რომ ამბობ, სტიქარიც არ დაგატოვებინონო. თუმცა, მას გულში ყოველთვის ჰმქონდა აზრი, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო. 2006 წლის 19 მარტს, უკვე |V კურსს ამთავრებდა, უწმინდესმა დიაკვნად რომ აკურთხა და სემინარიაში მივიდა, აუდიტორიის კარი შეაღო და ჯგუფელებს უთხრა, ახლა ლოცვა–კურთხევა გამომთხოვეთო.
ფაქტის წინაშე რომ დადგა და დიაკვნად აკურთხეს, მაინც იოლად აღიქვა ეს ხარისხი. აღსავლის კარში პირველად რომ შევიდა, ენით გამოუთქმელი, საოცარი განცდა დაეუფლა. "ესაა ამაღლებული გრძნობა, თუმცა, ხვდები, რომ უკვე დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ხარ და ერთგვარი შიშიც გეუფლება, თუ როგორ შეძლებ ამ ჯვრის ტვირთვას". წელიწადი და 3 თვე ქვაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურა. მაშინ არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე) გახლდათ წინამძღვარი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი.შემდეგ მამა გიორგი (ზვიადაძე) გადმოიყვანეს წინამძღვრად და მასთანაც მსახურობდა. 2007 წლის 1 ივლისს პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა და დაახლოებით 1 წელი ისევ ქვაშვეთში იმსახურა. 2008 წელს, მამა გიორგი (ზვიადაძე) სიონში რომ დაადგინეს წინამძღვრად, ისიც თან წამოიყვანა და დღემდე აქ მსახურობს.
მრევლის უმეტესობას მისი თაობისა და უფრო პატარა ასაკის გოგონები შეადგენენ. მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ახალმოსულ მრევლსაც ყოველთვის ეუბნება, რომ, პირველ რიგში, ერთმანეთის მეგობრები უნდა იყვნენ, რათა მათ შორის ჯანსაღი ურთიერთობა არსებობდეს. რაც შეიძლება დაუმალონ მშობელს, ან მასწავლებელს, იმის თქმა აუცილებლად უნდა შეძლონ მოძღვართან.
მეუღლემ თავიდანვე იცოდა მისი მომავალი ცხოვრების შესახებ. ისინი 5 წელი იცნობდნენ ერთმანეთს. ადვილად შეეგუა, თუმცა, იყო ეშმაკის ბრძოლაც, რაც სასულიერო პირის ოჯახში განსაკუთრებით იგრძნობა. ერთი პერიოდი ეცადა ბოროტი ძალა, გაუგებრობას ჰქონოდა ადგილი, მაგრამ ყველაფერი კარგად არის და ახლა ცდილობენ სამაგალითო ოჯახი ჰქონდეთ.
გამორჩეულად უყვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საგალობელი "ღირს არსი..." და წმიდა გიორგის ტროპარი. გლდანში როცა ცხოვრობდნენ, ის და მისი მომავალი მეუღლე, შეყვარებულები რომ იყვნენ, ხშირად დადიოდნენ მამკოდის მონასტერში. მაშინ მონასტერი მიტოვებული იყო, არავინ ცხოვრობდა და ცდილობდნენ, დანაგვიანებული ადგილები დაელაგებინათ. ერთხელაც, იქ იპოვა ფურცელზე დაბეჭდილი დილის 6–საათიანი ლოცვის დასაწყისი "მეუფეო ზეცათაო"... როგორც ჩანს, დანარჩენი გვერდები იმ ფურცელს მოწყვეტილი ჰქონდა და მარტო ეს ლოცვა ეწერა. ეს იყო მისი პირველი ლოცვა, რომელიც აიღო და დიდი მონდომებით წაიკითხა. ის ფურცელი დღემდე შენახული აქვს.

четверг, 22 июля 2010 г.

მამა გიორგი(სანამაშვილი) მამა შალვა (კეკელია) და სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი




ექსკურსია-სრულიად საქართველოს კათალიკოს პტრიარქის სახლის ეზო სნოში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მდინარე სნოსწყლის ხეობა)

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

დაიბადა 1963 წლის 22 ივნისს წყალტუბოში. მოინათლა ოთხი წლის ასაკში.
1980 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის #4 საშუალო სკოლა.
1992 წელს წარჩინებით დაასრულა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1996 წელს – თბილისის სასულიერო აკადემია.
1992 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკურ ინსტიტუტში, ეროვნულ უნივერსიტეტში.
1996 წლის 6 მაისს ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1996 წლის 1 ივნისს დიაკონი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანად.
1996 წლის 18 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გლდანის ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრად.
1997 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად.
1997 წლის 1 ივნისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.
1997 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
1997 წლის 14 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაფუძნებული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი საზოგადოების საღვთისმეტყველო განყოფილების თავმჯდომარედ.
1997 წლიდან არის საპატრიარქოში შექმნილი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი.
1998 წელს დაასრულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით.
1998 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
1998-2000 წლებში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, იყო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი განათლების სამინისტროსთან არსებულ რელიგიის ისტორიის სასწავლო-მეთოდურ საბჭოში.
1999 წლიდან დეკანოზი გიორგი ზვიადაძე არის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დიალოგის ერთობლივი საერთაშორისო კომისიის წევრი.
2000 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად.
2001-2009 წლებში დეკანოზი გიორგი ზვიადაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან იყო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დიალოგის ერთობლივი საერთაშორისო კომისიის წევრი.
2002 წლის 1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ დეკანოზი გიორგი ზვიადაძე ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
2003 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარე”-ს დირექტორად.
2003 წლის 8 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის – “სულიერების, მეცნიერების, კულტურის აღორძინება და განვითარების” – აღმასრულებელ მდივნად.
2004 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: წმინდა გრიგოლ ნოსელის “ქალწულებისა და საღმრთოისა მოქალაქობისა” (ფილოლოგიურ-თეოლოგიური ანალიზი).
2006 წელს დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის კომისიის სწავლულ მდივნად.
2004 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენის სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაციით.
2005 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პრორექტორი.
2006 წლის 6 მაისს,წმიდა გიორგის ხსენების დღეს,სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა ქვაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
2008 წლის 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დადგენილ იქნა პროტოპრესვიტერად და დაინიშნა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.
2009 წელს დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მაგისტრის ხარისხით.
2009 წლის 23 ოქტომბერს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორად.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაჯილდოვებულია ანტიოქიის, იერუსალიმის, საბერძნეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიათა ორდენებით.

გამოქვეყნებული შრომები:
1. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებისადმი მიძღვნილი საკითხავები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში;
2. ალექსანდრე ალექსანდრიელი, სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებ, ბერძნულიდან თარგმნა დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ; სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები;
3. წმინდა პოლიკარპე სმირნელი, ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ;
4. წმინდა კლიმენტი რომაელი, კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, ძველი
ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ;
5. წმინდა გრიგოლ ნოსელის ასკეტური შრომის ეფვთიმესეული თარგმანის მიმართება ორიგინალთან, საღვთისმეტყველო კრებული;
6. ბიბლიური ციტაცია წმ. გრიგოლ ნოსელის ასკეტური შრომის ეფთვიმე ათონელისეულ თარგმანში, თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო შრომები;

ლეგენდები, თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები – ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.
ა) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარი თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ე.წ. „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა.
საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი.
ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის ელისეს ეგვტერს ძველებური კარიბჭის ფორმა აქვს – ამაღლებული და ფრონტონიანი შუა ნაწილით და ცალფერდად გადახურული განაპირებით. მთავარი (სამხრეთის) ფასადის დანაწევრება მარტივია: შუაში ჯვრის გამოსახულება, მის მარცხნივ და მარჯვნივ თითო თაღოვანი სარკმელი, ხოლო ზემოთ – მცირე სარკმელი და აღდგენის თარიღის მიმანიშნებელი წარწერა. მკლავების კამარები, აფრები, შეისრული და მუზარადისებრი გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილიც ამავე პერიოდის დროინდელია.
მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა. თუმცა, ჩრდილოეთის ფასადის ზედა ნაწილში შემორჩენილია 1710 წლის გადაკეთების დროინდელი წყობა და ამავე ხანის წარწერა, რომელთანაც სოლარული სიმბოლოსა და ფასკუნჯების რელიეფური გამოსახულებებია მოცემული. ფასადები სადაა. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ-დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათის ყელი გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაჭვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს – წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხებელი წმინდანი წიგნით ხელში.
ინტერიერის მოხატულობა1850-60 წლებშია შესრულებული გრიგოლ გაგარინის მიერ. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს. თუმცა, ამ მოხატულობას მაინც ნაკლები საერთო აქვს იმ ფაქიზ ფერადოვნებასთან, რომლითაც გამოირჩევა ძველი ქართულ ფრესკები.
ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ.
საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა1980-იან წლებში, ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. 1983 წელს ტ. კიპაროიძის პროექტის მიხედვით დასრულდა მინაშენების მშენებლობა. სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. კანკელის ავტორი ასევე ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.
ბ) ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ 1425 წელს და მთლიანად არის განახლებული XVIII ს-ში. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური.
გ) მეორე სამრეკლო - შპილით დაგვირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1912 წელს, პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისის არქიტექტურაში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

ისტორიული მიმოხილვა

გადმოცემის მიხედვით, პირველი ეკლესია ამ ადგილას V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. ერთი ასწლეულის შემდეგ კი, 570-580-იან წლებში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის სურვილით, ამავე ადგილას ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამ უმნიშვნელოვანესი სალოცავის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ერისმთავრები და ქალაქის მოსახლეობა. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს მმართველობის პერიოდში – 620-იან წლებში დასრულდა. გადმოცემის თანახმად, გუარამი და ადარნასე აქ არიან დაკრძალულები.
ტაძარი მრავალჯერ დაუნგრევია და დაურბევია მტერს. ამიტომ თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა. სავარაუდოდ, იგი საფუძვლიანად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების (1122 წლის) შემდეგ.
1226 წელს, როცა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა ჯალალ-ედ-დინი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის. ნაგებობა მალევე შეაკეთეს.
1386 წელს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა. XV საუკუნეში იგი იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.
1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.
1657 წელს, როსტომ ხანის მმართველობის პერიოდში, ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო (ეგვტერი) მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა; ხელახლა მოახატვინა და მოართვევინა ჯვრის მკლავები და კარიბჭე. როსტომ ხანს სიონის მიწაზე ქარვასლა აუშენებია და მისი შემოსავლიდან ყოველწლიურად ას მარჩილს სწირავდა ტაძარს.
1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა. 1710 წელს ვახტანგ VI-მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.
1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანს თბილისის მმართველის ისაყ-ფაშასთვის სიონის ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანებია. თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით, თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვნის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. ეს ტრადიცია 1899 წელს კვლავ აღადგინეს.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდო. XIX საუკუნეში ნაგებობა რამდენჯერმე შეაკეთეს: საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი“ ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. 1850-60 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში, სიონი ახლიდან მოხატა. 1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ.
1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.
1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს; სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).

მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია

სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.
სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება.
სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.
ტაძარში ასევე ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.
სიონის ტაძარში, კანკელის სამხრეთით, კედელში, წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია VI ს-ში მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).
გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მშენებლები - ერისმთავრები გუარამი და ადარნასე, XII ს-ის ჰიმნოგრაფი ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი, იერუსალიმის წმ. ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი, მწიგნობარი და დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1658), პოეტი მიტროპოლიტი იოსებ თბილელი (1620-1688). წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი.
სიონშია დასვენებული ქართული ეკლესიის რამდენიმე გამორჩეული ხატი: მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.